გიორგი ბუგიანიშვილი

გიორგი ბუგიანიშვილი ბერლინის ჰუმბოლტდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით. პროფესიული გამოცდილება დაკავშირებულია ციფრულ ბიზნეს სერვისებთან (SAP პრაღა), საბანკო საქმის მიმართულებასა (ვითიბი ბანკი ჯორჯია) და სახელმწიფო სექტორში ოპერირებასთან (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო). გიორგი გახლავთ ცხოვრების ჯანსაღი წესის აქტიური მიმდევარი, ენთუზიასტი ადამიანი, მას აქვს ძლიერი სამეწარმეო სულისკვეთება, კომუნიკაბელურობის განსაკუთრებული ნიჭი.

●●●

დამეთანხმებით, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ცხოვრების გზის გასაყარზე მდგომი ცდილობ პრინციპული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა თითქოს გამბედაობა, გნებავთ, თავდაჯერება გაკლია. თუ გაგიმართლა, ამ დროს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სწორი აქცენტებითა და მინიშნებებით ბიძგს მოგცემს იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ჩემი და გიორგი მიქანაძის კოლაბორაცია მსგავს ვითარებაში მთების დაძვრის პერსპექტივით შედგა.

თუ დაგინახათ, რომ ხართ მასშტაბური/გლობალურად მოაზროვნე ადამიანი, მოგნიშნავთ ფავორიტებში, ამის შემდეგ ძალისხმევას და ენერგიას არ დაიშურებს რათა წინ წაგწიოთ, რამეთუ, კარგად ესმის განათლების და ადამიანურ კაპიტალში ჩადებული ინვესტიციის უალტერნატივობის. მისივე თქმით, ეს ენერგია არ იკარგება, მას ვანაყოფიერებთ და ვაასმაგებთ, ხოლო შემდეგ ეს ენერგია უკანვე ბრუნდება, დიდსულოვნად მეტი ენერგიის ფეშქაშად გამოყოლებაზეც არ ვიტყვი უარსო დააყოლებს ხოლმე ნახევრად ხუმრობით ))

მისი ძალისხმევის მნიშვნელობის უკეთ გადმოსაცემად გავიხსენებ ერთი შეხედვით უბრალო, არაფრით გამორჩეულ, მაგრამ ჩემთვის პირადად ცხოვრების მიმართ პარადიგმის შემცვლელ ისტორიას:

ერთხელ საყიდლებზე ყოფნინას ბაზარში დავინახე ერთი მოხუცებული ქალბატონი, რომელიც ყიდდა „ბროცკის“ ჯიშის ვაშლს. სევდიანი სახე ჰქონდა, აშკარა იყო რომ პრობლემებისგან იყო დამძიმებული და ამას ჯერ კიდევ გასაყიდი ვაშლით სავსე ტომარა ემატებოდა. ამან გადამაწყვეტინა მივსულიყავი, ვაშლი მოვუწონე, გამოვესაუბრე არა როგორც კლიენტი. არ ვიცი ეს რატომ მომინდა, მაგრამ მინდოდა, რომ მენუგეშებინა, თითქოს გამოწვევა იყო ჩემთვის. უბრალოდ, მივაქციე ყურადღება. ცოტაოდენი ვაშლიც შევიძინე და წარმატებული დღე ვუსურვე. ეს ყოველივე სრულიად გაუაზრებლად გავაკეთე. ახლა შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგრამ ქალბატონი აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადავიდა, გაუხარდა ჩემი დამოკიდებულება, სახე უკვე უღიმოდა. არ იქნებოდა 1 საათი გასული და უკანა გზაზე გავლისას დავინახე რომ ვაშლის ტომარა თითქმის გამოცარიელებულიყო, გაეყიდა. გავლისას თითქოს გამიღიმა, ვერ გეტყვით მიმადლოდა რამეს და გავაკეთე თუ არა რამე, მაგრამ მახსოვს ჩემი ემოციები, თვითშეფასება რომ ეს გავაკეთე და შედეგი, რომლის განცდაც მქონდა. შესაძლოა ბიზნეს ქეისი არ არის, თუმცა ჩვენი ემოციური პიროვნებაც სწორედ ყოველდღიურობიდან დგება და ყალიბდება, რომელიც მერე ბიზნესშიც გადადის და შედეგებშიც აისახება. მე იმ მომენტში გამარჯვებული და ბედნიერი ვიყავი.

რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, თავში ამომიტივტივდა გიორგისთან საუბარი, სადაც იგი სიტყვის ძალის მნიშვნელობასა და პოზიტიური განწყობილების ჯადოსნურ ძალაზე მელაპარაკა. მივხვდი, რომ ეს ჩემი ერთი შეხედვით თითქოს გაუაზრებელი ქმედება, სწორად მოწოდებული ლიტერატურის, ცხოვრებისეული მაგალითებისა და საუბრების სახით, სწორედ გიორგიმ შთამაგონა, შეიძლება ითქვას, ამ საკითხების ქვეცნობიერის დონეზე გააზრებაში დამეხმარა. ეს, რა თქმა უნდა საქმიან ურთიერთობებშიც, ოჯახშიც გადადის და უბრალოდ ჩვენს ყოველდღიურობაშიც მონაწილეობს.

შემიძლია მას ჯანსაღად მოაზროვნე, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი დაარქვა. ან, თუნდაც ადამიანი, რომელიც ორატორული ნიჭითა და აუდიტორიასთან მუშაობის გამორჩეული უნარით არის დაჯილდოვებული. ამ სიის გაგრძელება დაახლოებით ორგანიზმში უჯრედული ქსოვილების დათვლის მცდელობას გავს – ვერ დათვლით. თუმცა, ჩემთვის გიორგი მიქანაძე არის პირველ რიგში ღირსეული ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთების, ემპათიის გამოხატვისა და პოზიტიური გუნება-განწყობილების გადაცემის უდიდესი ტალანტი გააჩნია.

მე გამიმართლა.

Share