ნინო ტურაშვილი

ნინო ტურაშვილი –  (MA) ტრენერი, ლექტორი NLP ქოუჩი. მოპოვებული აქვს ბერლინის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საავტორო სალექციო პროგრამის ,,კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის მართვა”განხორციელების უფლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

●●●

ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო! – ეს ანდაზა ხშირად მესმის, განსაკეთრებით კი განათლების სისტემასთან მიმართებაში. დაახლოებით 12 წელია ლექტორი ვარ და უნდა ვაღიარო, გამიჩნდა განცდა, რომ მხოლოდ მადლიერი სტუდენტების უკუკავშირი და მოტივაციის ურთიერთგაცვლა ჩემსა და აუდიტორიას შორის თითქოს რუტინად მექცა. გამიჩნდა შიში, რომ ინტერესს ვკარგავდი ჩემი საყვარელი პროფესიის მიმართ. ვთვლიდი, რომ განათლების სისტემაში დანერგილი პროცესები არც პედაგოგების და მითუმეტეს არც მოსწავლე-სტუდენტების ინტერესებს და მიზნებს არ  ითვალისწინებდა. სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში გავიცანი გიორგი  მიქანაძე, მისი  დეკანად დანიშვნა იმ დროს დაემთხვა, როდესაც მე აღარ ვკითხულობდი ლექციებს უნივერსიტეტში. გიორგიმ  თავად დამირეკა, გამეცნო და მესაუბრა  გამოკითხულ სტუდენტებში ჩემს მიმართ კეთილგანწყობაზე. გამიკვირდა, ძალიან გამიკვირდა, დღეს თითქოს გაჭირდა ადამიანებისათვის ერთმანეთის აღიარება, წარმატების აღნიშვნა, პატივისცემა, დაფასება, გამხნევება და თანადგომა. მახსოვს, საკმაოდ კრიტიკულად და სკეპტიკურად განწყობილმა შევაბიჯე მის კაბინეტში. არ ვიცი, იმ რამდენიმე წუთიან საუბარში როგორ მოახერხა ჩემი ,,დაქოუჩება’’, მაგრამ მისი კაბინეტიდან გამოსული ახალი რესურსებით, ახალი გეგმებით და უდიდესი ოპტიმიზმით სულმოუთქმელად ველოდებოდი ჩემს ახალ ჯგუფებს, სადაც სტუდენტებთან ძალიან საინტერესო და ისევ ჩემთვის საყვარელი  საქმიანობა მელოდებოდა.

გიორგისთან თანამშრომლობის დროს  ვატყობდი სტუდენტებს როგორ გააქტიურდნენ, უფრო მეტად მოტივირებულები და აქტიურები გახდნენ. გიორგიმ მოახერხა სისტემა მართლა სტუდენტებზე ორიენტირებული გაეხადა. დღეს უკვე აღარ მიკვირს,წლების წინ ილიას უნივერსიტეტიდან გიორგი მიქანაძის  წამოსვლა რატომ აღმოჩნდა ისეთი ემოციური და ხმაურიანი უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტების უდიდესი ნაწილისთვის. მაშინ გადაჭარბებული და ტენდეციური მეჩვენებოდა მის მიმართ გამოთქმული პოზიტიური შეფასებები, თუმცა ჩემმა კრიტიკულმა განწყობამაც კი  მაფიქრებინა, რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს მოიყვანს, თუ ის გიორგისავით მოტივაციის გაცემის მადლით იქნება  მოტივირებული.

Share