დიანა ინანაშვილი

დიანა ინანაშვილი – პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი.

●●●
ყოველთვის რეალისტი – „აქ და ახლა“ პიროვნება ვარ, ყოველთვის თამამად ვუსწორებ თვალს არსებულ რეალობასა  და მოცემულობას, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს იგი; მაგრამ არის საკითხები, რომლის მართვაც კრიტიკულად რთულია ჩემთვის. ეს შეეხება სტრესის მიღებისა და მართვის პროცესს. თითქმის არ დავდივარ პანაშვიდებზე, მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში, რადგან ეს უმძიმესი ფაქტია ჩემთვის. არაფერია ახალი იმაში და ყველამ ვიცით, რომ ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება სიმძიმით პირველი სტრესია სტრესებს შორის (მეორე ადგილზე სტრესების სიმძიმით, განქორწინებაა). მე არასოდეს დამავიწყდება გიორგის სახე, როდესაც მივედი პანაშვიდზე მამამისის გარდაცვალების დროს. გიორგი იყო აბსოლუტურად მშვიდი, ღირსეული და მდგრადი ამ უდიდესი სტრესის დროს. ყოველთვის, როცა მაქვს მძიმე სტრესი, მახსენდება ეს მომენტი და ჩემს თავში ვპოულობ ძალას, ღირსეულად გავუმკლავდე ჩემს წინაშე დამდგარ სიტუაციას. წარმოუდგენლად მადლიერი ვარ გაკვეთილის, რომელიც მივიღე გიორგისგან მისთვის ასეთ მძიმე მომენტში. გარდაცვალების ფაქტის ადეკვატურად მიმღებლობა მან შესაძლებელი გახადა ჩემთვის.

თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს მულტიტასკინგი – რამდენიმე საქმის ერთობლივად კეთების ნიჭი და უნარი. ჩემი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი სამეგობრო თუ საქმიანი ურთიერთობების წრიდან მულტიტასკინგის შესანიშნავ მაგალითად ერთ-ერთი პირველი ვინც მახსენდება  – ეს არის გიორგი მიქანაძე. ის ახერხებს ერთდროულად იყოს საქმის თავი (მენეჯერი), აკადემიური ხელმძღვანელი, ლიდერი – რომელსაც შეუძლია აიყოლიოს გუნდი და ამავდროულად ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე  – გამწევი ძალა იმავე საქმეში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს. მისი ეს უნარი არაერთხელ გამხდარა ჩემთვის ინსპირაციის წყარო. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო უნარი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ეს არის რამდენიმე საქმის ერთდროულად და ერთნაირი წარმატებით კეთების შესაძლებლობა, თან ისე, რომ იარო მართალი და სწორი გზით, როგორც ბიზნეს, ისე ადამიანურ ურთიერთობებში. ერთია, რომ ეს ყველაფერი გქონდეს და მეორე – სხვებისთვის ამის გაზიარება შეგეძლოს. ეს უნარი ჩემს თავში განვავითარე გიორგის მაგალითზე, რისთვის მადლიერი ვიქნები ყოველთვის.

Share